English / ქართული / русский /
გიორგი ბერულავა
ეკონომიკური ზრდის ინოვაციური და ინსტიტუციური წინაპირობების შესახებ

მაკროეკონომიკური თეორია ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი პარამეტრების რიგ შემსწავლელ მოდელებს იძლევა. მაგალითად, ნეოკლასიკური ეგზოგენური ზრდის მოდელი ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი პარამეტრების სახით დაგროვების ნორმებს, პრეფერენციებს, მუშახელზე მოთხოვნისა და სრული ფაქტორული პროდუქტიულობის ზრდას და ტექნოლოგიურ ცვლილებებს ასახელებს [3, 9]. ნეოკლასიკური თეორიის განსხვავებულ მიდგომას წარმოადგენს ენდოგენური ზრდის მოდელი, რომელიც ეკონომიკის პროდუქტიულობისა და ეროვნული პროდუქტის ზრდას ენდოგენურ (საშინაო) ფაქტორებს უკავშირებს [1, 6]. ეს მოდელი სხვადასხვა ქვეყნებს შორის არსებულ განსხვავებებს ერთ მოსახლეზე მოსული შემოსავლის მიხედვით, ინოვაციებზე მიმართული რესურსების რაოდენობასთან უკავშირებს [6]. უნდა აღინიშნოს, რომ მართალია ნეოკლასიკური მაკროეკონომიკური თეორია ინოვაციას ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორად მიიჩნევს, იგი საკმარისად კარგად ვერ განმარტავს თუ როგორ უნდა განისაზღვროს უპირატესი საინოვაციო მიმართულებები ფირმების დონეზე. საქმე იმაშია, რომ ნეოკლასიკური თეორიის მიკროეკონომიკური ბაზისი, რომელიც დაფუძნებულია სრულყოფილი ცოდნის ხელმისაწვდომობისა და მოგებაზე ორიენტირებული ფირმების მიერ წონასწორობის პირობებში ნულოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღების დაშვებაზე, არ მოიცავს ინოვაციების დანერგვისთვის საჭირო გონივრულ სტიმულებს. ჰაიეკის მიხედვით, ეს თეორიული მოდელი საკმარისად ვერ აღიარებს სამეწარმეო აღმოჩენების და ცოდნისა და სწავლის როლის მნიშვნელობას და, შესაბამისად, იგი ვერ იძლევა ფირმების ინოვაციური ქცევის გააზრების შესაძლებლობას [2]. ინოვაციის არსის ფუნდამენტური ახსნა შეიძლება ინახოს ავსტრიულ ეკონომიკურ მიდგომებსა და შუმპეტერის თეორიაში, ისევე როგორც ინსტიტუციური ეკონომიკის ნიმუშებში. 

ავსტრიულ ეკონომიკურ თეორიაში საბაზრო კონკურენცია განიხილება დინამიური პროცესის სახით, რომელშიც ნორმალურზე მაღალი უკუგების სურვილით მოტივირებული მეწარმე აგროვებს გაფანტულ ინფორმაციას, რის საფუძველზეც აღმოაჩენს არსებულ, მაგრამ კონკურენტების მიერ გამორჩენილ, საბაზრო შესაძლებლობებს. ავსტრიულ ეკონომიკურ თეორიებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცოდნისა და სწავლის როლს და გათვალისწინებულია ცოდნის უწყვეტად ცვალებადი ხასიათი. განუწყვეტლივ რღვევადი ბაზარი და ცოდნის ნაკადის ცვლილებები ქმნიან ახალ არაწონასწორულ სიტუაციებს და, შესაბამისად – სარგებლის მიღების ახალ შესაძლებლობებს. ამდენად, ავსტრიული ეკონომიკური თეორიის თანახმად, მუდმივად არსებობს ნორმალურზე მაღალი უკუგების შესაძლებლბოები, რაც ცოდნის დაუსრულებლად ცვალებადი ხასიათით არის განპირობებული.

შუმპეტერის აზრით, რომლის კვლევებიც ეფუძნებოდა ავსტრიული ეკონომიკური თეორიის ფუნდამენტურ კონცეპციებს, ინოვაციას ადგილი აქვს, როდესაც კომპანიები წარმოებაში ნერგავენ ახალ პროდუქტს ან მომსახურებას, ცდილობენ საწარმოო პროცესის რეფორმირებას ან რევოლუციურ შეცვლას, აღმოაჩენენ ახალ ბაზრებს და რეალიზაციის მეთოდებს და ახდენენ წარმოების სტრუქტურის რეორგანიზაციას [7, 8]. შუმპეტერის ეკონომიკური სისტემის საკვანძო კონცეპციას წარმოადგენს “შემოქმედებითი რღვევის” პროცესი, რომელშიც ინოვატორი მეწარმე არღვევს ბაზარს და აშორებს მას წონასწორობის მდგომარეობიდან. ამ თეორიული მოდელის მიხედვით, ფირმების მიზანს წარმოადგენს კონკურენტული შესაძლებლობების მიღება ინოვაციების შექმნის ან გამოყენების გზით, რაც მათ აძლევს კონკურენტებზე უპირატესობის მოპოვების და ნორმალურზე მაღალი უკუგების მიღების საშუალებას. თუმცა, მას შემდეგ, რაც კონკურენტები ასევე იწყებენ ინოვაციების ინიცირებას, ნორმალურზე მაღალი უკუგებები ქვეითდება და ბაზარი, ახალი ინოვაციის გამოჩენამდე, კვლავ წონასწორულ მდგომარეობას უბრუნდება[1].

ინოვაციური ქცევა, ჩვეულებრივ, გაუნზღვრელობებთან, რისკებთან და ტრადიციულ საქმიანობებთან შედარებით გაზრდილ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამდენად, ინოვაციის დანერგვისთვის, ფირმას უნდა გააჩნდეს საკმარისი სტიმულები, რომლებიც რისკებისა და ხარჯების ამგვარ ზრდას გააკომპენსირებენ. ავსტრიული სკოლისა და შუმპეტერის თეორიებში, ინოვაციური ქცევის მთავარ სტიმულს შეადგენს ნორმალურზე მაღალი შემოსავლები, რომლებიც ფირმებს შეუძლიათ მიიღონ პროდუქციის წარმოების, რეალიზაციისა და საორგანიზაციო პროცესების რევოლუციური ცვლილებების გზით. გარკვეული უმნიშვნელო განსხვავებების მიუხედავად, ორთავე, როგორც ავსტრიულ ეკონომიკურ თეორიაში, ასევე შუმპეტერის სისტემაში, ეკონომიკის განვითარება სამეწარმეო აღმოჩენებსა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას ეფუძნება. “... ამოსავალ გასათვალისწინებელ აზრს წარმოადგენს ის, რომ ჩვენ განვიხილავთ კაპიტალიზმს, როგორც ევოლუციურ პროცესს. ... მთავარი იმპულსი, რომელიც აძრავს და მოძრაობაში ინარჩუნებს კაპიტალიზმის ძრავას კაპიტალისტური საწარმოების მიერ შექმნილი სამომხმარებლო საქონლის, ახალი ბაზრების და წარმოების ორგანიზაციის ახალი ფორმებიდან მოდის. ... ახალი ბაზრების გახსნა ... ასახავს წარმოების გარდაქმნის იმავე პროცესს ... რომელიც დაუყოვნებლივ იწვევს ეკონომიკის სტრუქტურის წიაღიდან წამოსულ რევოლუციურ ცვლილებას, რაც ძველი სტრუქტურების განუწყვეტელ მოშლასა და ახლების შექმნაში გამოიხატება. “შემოქმედებითი რღვევის” აღნიშნული პროცესი კაპიტალიზმის ფუნდამენტურ დამახასიათებელ რეალობას წარმოადგენს ... კონკურენცია, რომელიც ადგენს საბოლოო ღირებულებებს ან ხარისხის უპირატესობებს და რომელიც გადამწყვეტ გავლენას ახდენს არა არსებული ფირმების მოგებებსა და პროდუქციაზე, არამედ მათ საფუძვლებზე და, მთლიანად, მათ არსებობაზე” [8, გვ. 82, 83, 84].

ამრიგად, ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალას ინოვაცია წარმოადგენს. თუმცა, ინოვაციის განხორციელება გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილებას მოითხოვს. პირველ რიგში, ინოვაციების ინიცირების მიზნით, ინდივიდუალური ფირმები ერთის მხრივ უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი კონკურენტული წნეხის ქვეშ, ხოლო მეორეს მხრივ, მათ უნდა გააჩნდეთ ნორმალურზე მაღალი დონის უკუგების მიღების შესაძლებლობა. რამდენიმე ემპირიული კვლევის შედეგების მიხედვით, ინოვაციის დამოკიდებულება კონკურენციის დონეზე არაწრფივი ხასიათისაა, რამდენადაც ორთავე შემთხვევა, როდესაც კონკურენტების რაოდენობა ძალზედ ჭარბია ან კონკურენცია საერთოდ არ არსებობს, დამაბრკოლებლად მოქმედებს ინოვაციების განვითარებაზე [10]. ეს ნიშნავს, რომ კონკურენციის არსებობის მიუხედავად, ფირმების მიერ ინოვაციების დასანერგად საჭირო შეღავათების და შესაძლებლობების უზრუნველყოფა კვლავ საჭიროებს გარკვეული საბაზრო ძალაუფლების ფლობას. მეორე _ ინსტიტუციური მოწყობა უნდა უზრუნველყოფდეს საკონტრაქტო და ქონებრივი უფლებების სამართლებლივ ამოქმედებასთან დაკავშირებული გარიგებების ხარჯების და განუზღვრელობის შემცირებას. ამასთან, გარიგებების ხარჯებისა და ქონებრივი უფლებების ქმედით მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნან ორთავე, ოფიციალური (სასამართლო და საკანონმდებლო სისტემები) და არაფორმალური (ბიზნეს-ასოციაციები და საქმიანი ურთიერთობები) ინსტიტუტები. და მესამე _ როგორც გარდამავალი პროცესების გამოცდილება ცხადყოფს, ხელისუფლების აღმასრულებელი შტო უნდა ექვემდებარებოდეს გარკვეულ კონტროლს, რათა არ მოხდეს ჭარბი და გადამანაწილებელი რეგულირება, ქონებრივი უფლებების გაუქმების ჩათვლით.

დუგლას ნორთი ინსტიტუტებს განმარტავდა, როგორც “... ადამიანების მიერ განსაზღვრულ შეზღუდვებს, რომლებიც ჩადებულია პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთქმედებებში ...”, რომელთა შემადგენლობაში შედიან “... როგორც არაფორმალური შეზღუდვები (სანქციები, აკრძალვები, ჩვეულებები, ტრადიციები და ქცევის ნორმები), ასევე ოფიციალური წესები (კონსტიტუციები, კანონები, ქონებრივი უფლებები)” [4, გვ. 97]. მართალია ბაზრის შემავსებელი ინსტიტუტები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, მთლიანობაში მათი ურთიერთქმედება უზრუნველყოფს ბაზრის შესახებ ძირეული ინფორმაციის გავრცელებას, ქონებრივი უფლებების სამართლებლივ ამოქმედებას, კონტრაქტების შესრულებას და კონკურენციის განვითარებას, რაც ეკონომიკურ სუბიექტებს აძლევს სათანადო შესაძლებლობებსა და სტიმულს საბაზრო საქმიანობებში ნაყოფიერი მონაწილეობისთვის.

ნორთის მიხედვით, ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის განსხვავება მათი ინსტიტუციური გარემოების განსხვავებულობით შეიძლება აიხსნას [5]. ეკონომიკური განვითარებისთვის ინსტიტუციური ბაზის მნიშვნელობა განისაზღვერება ეკონომიური სუბიექტებისთვის სათანადო სტიმულირების სისტემის შექმნის უნარით, რაც გავლენას ახდენს მათ გადაწყვეტილებებზე ინვესტირებისა და ინოვაციების მიმართებით. თუმცა, ნეოკლასიკური ზრდის თეორია ეკონომიკურ ზრდაზე პასუხისმგებლად მხოლოდ ერთ ინსტიტუტს – ეფექტიან ბაზარს მიიჩნევს, ხოლო სხვა ინსტიტუტებს ამ მხრივ არ ანიჭებს რაიმე მნიშვნელობას. 

დასკვნა

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის ამოსავალ მიკროეკონომიკურ წინაპირობას წარმოადგენს ისეთი ფირმების არსებობა, რომლებსაც გააჩნიათ ცოდნის მიღებისა და სათანადოდ გამოყენების, სამეწარმეო აღმოჩენების და ინოვაციების განხორციელების, ბაზრების დარღვევის და ზემაღალი მოგების მიღების უნარი. თავის მხრივ, ნოვატორების არსებობა დამოკიდებულია ქვეყნის შესაძლებლობაზე უზრუნველყოს სათანადო ინსტიტუციური გარემო, რომელშიც ნოვატორების ზემაღალი მოგება საკმარისად მდგრადი იქნება, რათა მოახდინოს ინოვაციებთან დაკავშირებული გაზრდილი ხარჯების კომპენსირება. ამ კონტექსტში, განვითარებად ქვეყნაში ეკონომიკური განვითარების პროცესის საბოლოო წარმატებულობა განისაზღვრება იმით, თუ რამდენად წარმატებით მოხდება ქვეყანაში, ნოვატორი ფირმებისთვის, სათანადო სტიმულირების სისტემის უზრუნველსაყოფი ინსტიტუციური საფუძვლების შექმნა. ქვეყნებში, სადაც ამგვარი შეღავათიანი სტრუქტურის უზრუნველყოფის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, ვერ მოხდა მდიდარი ქვეყნებიდან ჩამორჩენის საგრძნობი შემცირება. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის საკვანძო საკითხს უნდა წარმოადგენდეს იმ დაწესებულებებისა და მოქმედებების იდენტიფიცირება, რომლებიც ხელს უწყობენ ისეთი სამეწარმეო ან ინსტიტუციური გარემოს შექმნას, სადაც ინოვაციების დამნერგავი სუბიექტებისთვის გარანტირებული იქნება გაზრდილი მოგების მიღების შესაძლებლობა, რაც ასევე ნიშნავს ფირმებისთვის ინოვაციებში ინვესტირების განსახორციელებლად სათანადო შეღავათიანი პირობების შექმნას. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Aghion, P., Howitt, P.W. (1992). "A model of growth through creative destruction". Econometrica 60, 323-351.
  2. Hayek, F. A. (1937). Economics and knowledge. Economica, 3, pp.33-54.
  3. Koopmans, Tjalling C. (1965) “On the Concept of Optimal Economic Growth,” in The Economic Approach to Development Planning, Amsterdam, North-Holland.
  4. North Douglass C. (1991). “Institutions”, The Journal of Economic Perspectives, Vol. 5, Issue 1 (Winter), pp.97-112.
  5. North, Douglass C. and Robert P. Thomas (1973). The Rise of the Western World: A New Economic History. Cambridge University Press, Cambridge UK.
  6. Romer, Paul. (1990). “Endogenous Technological Change”. Journal of Political Economy, 98: 71-102.
  7. Schumpeter, J. A. (1934). The Theory of Economic Development. Cambridge, MA: Harvard University Press.
  8. Schumpeter, J. A. (1942). Capitalism, Socialism and Democracy. New York: Harpers and Row.
  9. Solow, R.M., (1957). “Technical Change and the Aggregate Production Function”, Review of Economics and Statistics, 39: 312-20.
  10. Wendy Carlin, Mark E Schaffer and Paul Seabright (2004). “A Minimum Rivalry: Evidence from in Transition Economies on the importance of Competition for Innovation and Growth”, William Davidson Institute, working paper №. 670


[1] შუმპეტერის შეხედულება დროდადრო წონასწორობაში მყოფი ბაზრის შესახებ განსხვავდება ავსტრიული ეკონომიკური სკოლის სხვა წარმომადგენლების მოსაზრებისგან, რომლის თანახმადაც ბაზარი წონასწორულ მდგომარეობაში არასდროს არ არის.